logo
ENG



ენმ-მ მარნეულში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორების დაკავების მოთხოვნით აქცია გამართა

03 ოქტ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მარნეულში მმართველი გუნდის მხრიდან ძალადობის ფაქტები აქციით გააპროტესტეს.

მათი თქმით, ხელისუფლებას დღეს დაკავებულ 2 ადამიანზე სურს "ხელების შეწმენდვა, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან ჩხუბში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა", მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრი, შერმადინ ბოჭოიძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, სწორედ ამირან გიორგაძე იყო თავდასხმის ორგანიზატორი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისიც უნდა დააკავოს.

"ეს იყო სპეციალურად დადგმული სადამსჯელო აქცია - დასაშინებელი მარნეულის რეგიონის ამომრჩევლებისადმი. ხელისუფლებამ უკუშედეგი მიიღო. ვერავის დააშინებენ, არ გამოუვათ არც მოსყიდვა, არც დაშინება, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არც ძალადობა", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ. 

"დღეს ხელისუფლების მიმართ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ყველა იმ ადამიანის დასჯა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა იმ ჩხუბში. თუ რეაგირება არ იქნება, უფრო მასშტაბური აქცია გაიმართება". - თქვა პარტიის წევრმა, დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა, რომელიც ასევე არის ენმ-ის გარდაბნის და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 

დღეს, 3 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ თავდასხმის საქმეზე 2 ადამიანი დაკაკავა: მარნეულის მერიის თანამშრომელი და ოცნების აქტივისტი დააკავა. გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.

ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულია მესამე პირიც, თუმცა, შსს ამ ეტაპზე მესამე დაკავებულზე არაფერს ამბობს. 

სექტემბრის თვის ბოლოს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ის აქტივისტებს. 

თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვდნენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები. 

"ახლა მთავარია, დააკავონ ის პირები, რომლებიც ძალადობას ხელმძღვანელობდნენ: ამირან გიორგაძე - მან დააზიანა ჩემი მანქანა, ასევე, შერმადინ ბოჭოიძე, რომელიც მე და მამაჩემს ფიზიკურად გაგვისწორდა. ველოდები მათ დაკავებას". - თქვა დღეს ენმ-ის მარნეულის ოფისის წარმომადგენელმა.  

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMCგანაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა